როგორ წარმოიქმნება ნეიტრინო?

ჩვენს სამყაროში ნეიტრინოების წარმოქმნის მრავალი გზა არსებობს.  ნეიტრინოების ძალიან დიდი რაოდენობა წარმოიქმნა ჩვენი სამყაროს ადრეულ ეტაპზე,  დიდი აფეთქების შემდეგ, რომელიც მოხდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ. ასეთი ნეიტრინოების რაოდენობა სამყაროში უამრავია,  მაგრამ მათ იმდენად მცირე ენერგია აქვთ, რომ აქამდე ამ ნეიტრინოების დაკვირვება ვერ მოხერხდა

მზე (ჩვენი მზე!), უწყვეტად წარმოქმნის ნეიტრინოებს.  მზის ცენტრში მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციები, რომლებიც იმდენად დიდი რაოდენობით ნეიტრინოებს წარმოქმნიან, რომ მათი დაკვირვება დედამიწაზეც კი შეგვიძლია. ნეიტრინოები წარმოიქმნებიან დედამიწაზეც – ატომური ელექტროსადგურების რეაქტორებში. ატომური ბომბი ასევე ნეიტრინოების წყაროს წარმოადგენს. მაგრამ ეს არ არის შეწუხების და ნერვიულობის საბაბი   –  ნეიტრინო არასოდეს არის საშიში, იმის მიუხედავად თუ საიდან მოდის

უფრო შორეულ კოსმოსში, სხვადასხვა ენერგიის დიაპაზონში ნეიტრინოები შეიძლება წარმოიქმნან ყველაზე ენერგიული აფეთქებების დროს, მაგალითად ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებისას (სუპერნოვა) ან  ბლაზარში.  სიმართლე გითხრათ, ჩვენ ჯერ არ ვიცით, საიდან მოდის ზოგიერთი ნეიტრინო.  მათი წყარო შეიძლება იყოს გამა-სხივების ამოფრქვევები, ან აქტიური გალაქტიკური ბირთვები, ან თუნდაც ბნელი მატერია?! ნეიტრინოებთან “დაკავშირებულ” საზოგადოებაში ასტროფიზიკური ნეიტრინოების ზუსტი წარმოშობის დადგენა არის კვლევების ძალიან აქტიური და საინტერესო მიმართულება.

როგორ წარმოიქმნება ნეიტრინოები ატმოსფეროში?

ნეიტრინოები შეიძლება უფრო ახლო წყაროებიდანაც წამოვიდნენ, მაგალითად ჩვენი საკუთარი ატმოსფეროდან! დიახ – ჰაერიდან, თქვენ თავს ზემოთ! სამყაროდან მომდინარე ენერგიული ნაწილაკები ყოველ წამს ეჯახებიან ჩვენს ატმოსფეროს და მრავალ პატარა ნაწილაკს წარმოქმნიან.  მათ შორის არიან ნეიტრინოები. დედამიწის ზედაპირზე, ზღვის დონეზე, ნეიტრინოები ყველაზე  უფრო გავრცელებულ ნაწილაკებს წარმოადგენენ (როგორც გითხარით, ნეიტრინოები არიან ყველგან…)